მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ პუბლიკაციები სიახლეები პარტნიორები გალერეა კონტაქტი
ინფორმაცია

რა არის სახიფათო ნარჩენი

 

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნარჩენი არის ნებისმიერი ნივთიერება/ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს, ან ვალდებულია მოიშოროს. სახიფათო ნარჩენი არის ნარჩენი, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთი ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი მახასიათებელი:

 

·         ფეთქებადი

·         მჟანგავი

·         ადვილად აალებადი

·         გამაღიზიანებელი

·         მავნე

·         ტოქსიური

·         კანცეროგენული

·         კოროზიული

·         ინფექციური

·         ტოქსიური რეპროდუქციისთვის

·         მუტაგენური

·         სენსიბილური

·         ეკოტოქსიური

 

სახიფათოთა კატეგორიას მიეკუთვნება ნარჩენი, რომელიც გამოყოფს ტოქსიურ, ან მეტად ტოქსიურ, აირს წყალთან, ჰაერთან ან მჟავასთან კონტაქტისას, აგრეთვე ნარჩენი, რომელსაც განთავსების შემდეგ შეუძლია გამოყოს სხვა ნივთიერება, მაგალითად გამონაჟონი, ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე თვისებით.

 

სახიფათო ნარჩენს წარმოადგენს  ქლორის მიტოვებული ბალონები და ვადაგასული/ხმარებიდან გამოსული ქიმიური რეაქტივები და მასალები, რომლებიც უშუალო საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, აგრეთვე, მომაკვდინებელია ცხოველთა და მცენარეთათვის.

 

რა საფრთხეს შეიცავს სახიფათო ნარჩენები ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოსათვის

 

·         ქლორის ატმოსფეროში მოხვედრა  შეიძლება გახდეს  ადამიანთა დაღუპვისა და მძიმე მოწამვლის, აგრეთვე, მეცენარეთა და ცხოველთა განადგურების  მიზეზი.

·         საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში არასათანადოდ დაცული დიდი რაოდენობის ქიმიური ნივთიერებებისა და მასალების გამო რეალური საფრთხე ექმნება მოსწავლეებისა და პედაგოგების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

·         ხსნარების და მყარი ნივთიერებების ჩაღვრა და გადაყრა საკანალიზაციო სისტემებში იწვევს მათ დაზიანებას  და  გარემოს დაბინძურებას, ხელს უწყობს  ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს განადგურებას.

 

 

როგორ მოვიქცეთ საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში

 

სახიფათო ნარჩენის აღმოჩენის შემთხვევაში სასწაფოდ მოსცილდით საფრთხის აღმოჩენის ადგილს არანაკლებ 150 მ  (ბალონის აღმოჩენის შემთხვევაში), ან 500 მ (კონტეინერის აღმოჩენის შემთხვევაში) მანძილით. ამ დროს უნდა იმოძრაოთ ქარის მიმართულების საწინააღმდგოდ, ან მის პერპენდიკულარულად და მოერიდოთ ჩაღრმავებულ ადგილებს.

 

თუ შენობას ვერ ტოვებთ, ადით ყველაზე მაღალ სართულზე და ჩარაზეთ  ყველა კარი და ფანჯარა.

 

სასუნთქი გზების დასაცავად გამოიყენეთ წყლით ან სოდის ხსნარით დასველებული პირბადე.

 

ვადაგასული და ხმარებიდან გამოსული ქიმიური ნივთიერებების და მასალების  აღმოჩენის შემთხვევაში, მიზანშეწონილია:

 

·         თავი შეიკავოთ აღმოჩენილ ნივთიერებებთან და მასალებთან უშუალო კონტაქტისაგან;

·         შეძლებისდაგვარად, მონიშნოთ საფრთხის აღმოჩენის ადგილი და შეზღუდოთ სხვა პირების მიახლოება საფრთხესთან;

·         დაუყოვნებლივ შეატყობინოთ აღმოჩენილი საფრთხის შესახებ დაწესებულების ადმინისტრაციას და დარეკოთ 112–ზე.

·         საჭიროების შემთხვევაში დაელოდოთ კომპეტენტური სამსახურების წარმომადგენლების მოსვლას.

 

 

სად და როგორ არის განთავსებული სახიფათო ნარჩენები საქართველოში

 

ამჟამად საქლორატოროების დიდი ნაწილი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმოქმედო და მიტოვებულია, ხოლო ათასობით ქლორის ბალონი და კონტეინერი  სრულიად უკონტროლოდ და ყოველგვარი აღრიცხვის გარეშეა მიმოფანტული ასობით დასახლებულ პუნქტში, სასწავლო, სამკურნალო, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დაწესებულებების უშუალო მახლობლობაში.

 

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე განლაგებულ 2500–ზე მეტ საშუალო და უმაღლესი განათლების დაწესებულებაში ინახება დაუდგენელი  რაოდენობის რეაქტივები  და ქიმიური ჭურჭელი, რომელთა შენახვის ნორმებიც დაცული არ არის.